„ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო თანაგუნდელებო და თანაპროგრესელებო, ჩემო სტუდენტებო და ძვირფასო მშობლებო, უპირველესად მსურს მოგესალმოთ და დავადასტურო ჩემი პატივისცემა თქვენდამი.
აქ სანამ მოვიდოდი მახსენდებოდა გზა, როგორ მოვედი აქამდე, როგორ ხდება რომ 22 წლის შემდეგ ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი” ახერხებს იყოს ლიდერი თავისი შედეგებით, წარმატებითა თუ იმ უმაღლესი თამასით, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით. სიმართლე გითხრათ, ამ კითხვებზე პასუხისთვის ფიქრი არც დამჭირვებია, რადგან, ცხადია, რომ ამ ყველაფრზე დიდი ხნის წინ ვიფიქრე, პასუხიც გავეცი და მივხვდი, რომ მიზეზი არის მხოლოდ ერთი რამ, ის რაც ჩვენ ყველას ერთად გვაერთიანებს —პროგრესი.
ნათქვამია, რომ პროგრესი არც ავტომატურია და არც გარდაუვალი და პროცესში ყოველი ახალი, წინგადადგმული ნაბიჯი მოითხოვს უდიდეს ბრძოლას, შრომასა თუ თავდადებას. თავის დროზე, სწორედ ამ გზაზე მიმავალმა ვთქვი, რომ თუ რაიმეს მიმართ ერთგული უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში ეს იყო - პროგრესი.მინდოდა ყველასთვის მიმეცა შანსი და მეთქვა ამ ფორმულის ჭეშმარიტება და როცა ამ სურვილის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე შევქმენი ამერიკული საერთაშორისო სკოლა - “პროგრესი”. სივრცე, რომელიც დღეს 2500-მდე მოსწავლეს აერთიანებს, ადგილი, სადაც 500-მდე მაღალკვალიფიცური კადრი და მასწავლებელია შეკრებილი და თამამად ვიტყვი, სახლიც, სადაც ყველას ერთად პროგრესისადმი ერთგულება გვაერთიანებს.
ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ისევ შეგხვდით, რომ ისევ საზეიმო ვითარებაში გვიწევს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
ის, რომ ამ კედლებში უამრავმა პროფესიონალმა მოიყარა თავი თქვენთვის, როგორც ამ საზოგადოების საპატიო წევრებისთვის, უცხო ეს ნამდვილად არ არის, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო პროგრესელების ის წარმატება, რომელიც ტრადიციულად გააგრძელეს ჩვენი სკოლის წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა. ისინი სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, მათი ენთუზიაზმითა და დაუღალავი შრომით, პროგრესელები კიდევ ბევრჯერ იტყვიან თავიანთ სიტყვას მსოფლიო მასშტაბით.
ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მასწავლებლებო, პროგრესელებო და მშობლებო, გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ამ წლის ყოველი დღე თქვენთვის სიახლეების აღმოჩენის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყოს.
მჯერა, რომ აქ მყოფ თითოეულ თქვენგანს გაქვთ დიდი სურვილი იყოთ წარმატების უმაღლეს მწვერვალზე და თუ თქვენი შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ ამ გზამდე მისასვლელი გზა პროგრესია, მაშინ მე გეტყვით, რომ პროგრესის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!” - ნინა ჩიკვაშვილი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის” (ქუთაისი, თბილისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი