მოგესალმებით, ჩემო პროგრესელებო და მივესალმები სრულიად საქართველოს!
გილოცავთ, ახალ 2025 წელს!
ახალი წელი ახალი შესაძლებლობებისკენ გვიხსნის კარს და მე გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, განვითარებასა და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენას. 🧡
სიამაყით აღვნიშნავ „პროგრესის“ სკოლების ქსელის მიღწევებსა და შევაჯამებ გასულ 2024 წელს, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა არა ერთი წარმატებით, მათ შორის, საგანმანათლებლო სფეროში ჩვენი ინოვაციური ხედვებისა და გამორჩეული პროექტების წარმატებულად დანერგვით.
2024 წელს პროგრესის სკოლებმა მიიღეს საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს Cognia-ს განმეორებითი აკრედიტაცია, ბათუმის სკოლის ავტორიაზაცია, თბილისისა და ქუთაისის სკოლების რეავტორიზაცია, ასევე პროფესიული სასწავლო ცენტრის ავტორიზაცია.
2024 წელს „პროგრესის“ საერთაშორისო სკოლებიდან 80-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა წარმატებით გააგრძელა სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებებით. გასულ წელს ჩვენი მოსწავლეების რეგიონალური თუ საერთაშორისო წარმატება მოიცავს 55 პირველადგილოსანსა და 30-ზე მეტ წარმატებულ პროექტს არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ამ წლის განმავლობაში სკოლამ სრულყოფილად განახორციელა 20-ზე მეტი ახალი გაცვლითი სასწავლო პროგრამა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. დაორგანიზდა და განხორციელდა 400-ზე მეტი შიდა სასკოლო ღონისძიება, 17 რეგიონალური და საერთაშორისო კონფერენცია და 14 საერთაშორისო საკვალიფიკაციო პროგრამა, რომლებშიც წარმატებული შედეგით მონაწილეობა მიიღო როგორც პროგრესის სამივე სკოლის მოსწავლეებმა, ისე აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა გუნდმა.
2024 წელს პროგრესის სკოლებმა შეიძინა 25-მდე ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი და ორგანიზაცია.
2024 წლიდან კი აღსანიშნია ჩვენი საერთაშორისო აღიარება:
სპეციალური მიწვევით მქონდა შესაძლებლობა პროგრესის გამოცდილება გამეზიარებინა EDUtech Asia სამიტზე სინგაპურში, ასევე განათლების საკითხებზე გაეროსა და ნატოს ღონისძიებებზე, ხოლო World Marketing Summit-ზე კი 150-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან მომხსენებელთა შორის გავაზიარე პროგრესის ბიზნესის მართვის მაგალითი.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება – თბილისის ახალი სკოლის კამპუსის მშენებლობა. კამპუსი დიღომში 1.5 ჰექტარზე განთავსდება, რომელიც მოიცავს თანამედროვე მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, 1,200 მოსწავლესა და 280 სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელზე გათვლილ სივრცეს, ასევე საუნივერსიტეტო სკოლასა და boarding school-ს, რომლებიც განათლების ახალი და ინოვაციური მოდელის განვითარებას მოემსახურება.
გარდა ამისა, 2024 წელს დავიწყეთ და განვაგრძობთ ციფრული პლატფორმების დანერგვას, რაც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების ახალ ეტაპს უსვამს ხაზს და გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები და მომხმარებელზე ორიენტირებულები.
ნარინჯისფერ ანუ პროგესულ გზაზე სიარული 23 წლის წინ მარტომ დავიწყე და გზად შემოვიკრიბე პროფესიონალი გუნდი, მმართველი მენეჯმენტი, შეუცვლელი მასწავლებლები, გულანთებული მოსწავლეები და იმედითა და ნდობით სავსე მშობლები.
ჩემო პროგრესელებო, გილოცავთ, 2025 წელს! ნარიჯისფერი გზა ჩვენი გასავლელია, ამ გზას, წარმატებისაკენ მიმავალს კი ბოლო არ უჩანს, რადგან პროგრესელებმა ყველაზე უკეთ იცით, რომ ამ გზის თანამგზავრობა წარმატების უსასრულო რაოდენობას ნიშნავს, ჩვენ კი მზად ვართ კიდევ ერთი პროგრესული და წარმატებული ახალი წლისთვის! 🧡
ყველას გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და იმედიან 2025 წელს!✨