Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით პირველი პანელის მონაწილეები
29 მარტს Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.
კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, შთამაგონებელ ისტორიებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ.
ღონისძიების გენერალური პარტიორია გასტრონომი. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან: ლურჯი ოკეანე, Lab Technologies, რედბული, სარაჯიშვილი, Progress American Schools, Efes, UN Women, სტარტაპ ბიურო.
PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში 6 ანტრეპრენიორი ქალი ისაუბრებს საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
მეორე სცენა Forbes Women-ის ორ პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ.
მეორე პანელის მთავარი თემაა “ქალები ტექნოლოგიებში” — გამოწვევები, ინოვაციები, მომავლის ტრენდები.
ვის იხილავთ პირველ პანელურ დისკუსიაზე?
ნანა ბერძენიშვილი — Caucasus Clean Energy Holding | ESG და მდგრადობის ხელმძღვანელი
ნანა ბერძენიშვილი გამოცდილი ლიდერია, რომელსაც საერთაშორისო დონის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის გამოცდილება აქვს. მას 20-წელზე მეტი გამოცდილება აქვს ორგანიზაციებისათვის ბიზნესის განვითარების ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს სექტორში, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ბიზნესის ოპერირების შესაბამისობას გლობალურ ESG სტანდარტებთან.
ნანა ბერძენიშვილი წარმატებით ახდენს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) და სხვადასხვა ინვესტორების სტანდარტების ბიზნესის მართვაში ინტეგრირებას. მისი ჩართულობა ენერგეტიკის სექტორში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა BP-ის მიერ განხორციელებული სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი, WREP SRP და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ჰიდროენერგეტიკული პროექტები. გარდა ამისა, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა კომპლექსურ პროექტებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა USAID, UNDP, CHF International და World Vision International. ნანა ბერძენიშვილი სპეციალიზდება ESG-ის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში, რომლებიც შეესაბამება ისეთ ინსტიტუტების სტანდარტებს, როგორიცაა IFC, EBRD, ADB და EIB. ნანა ბერძენიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში.
ნინო ენუქიძე — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) | რექტორი, პროფესორი
ნინო ენუქიძის ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა კოდინგის სკოლა ქალებისთვის, გლობალური განათლების პლატფორმა – AI4Globe, და iamtheCODE Foundation-ის საქართველოს წარმომადგენლობა, რომლის ფარგლებშიც 250,000 ქალსა და გოგოს 60,000-ზე მეტი სასერტიფიკატო კურსზე უფასო წვდომა ექნება. ის არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს საბჭოს არჩეული წევრი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი და საპატიო საბჭოს წევრი. მისი ლიდერობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. ნინო ენუქიძე არის World Economic Forum-ის Young Global Leaders 2024-ის წევრი.
თინათინ რუხაძე — ACT Global | თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
თინათინ რუხაძე ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. მისი ხელმძღვანელობით ACT პატარა ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში ოპერირებს. თინათინი დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და მონაწილეობს მის უმნიშვნელოვანეს პროექტებში, როგორც ბიზნეს-სტრატეგიისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მენეჯმენტ-კონსულტანტი. თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით. აკადემიური განათლება, საკუთარი ბიზნესის მართვის გამოცდილება, ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში 22 წლის მანძილზე დაგროვილი ექსპერტიზა თინათინის განსაკუთრებული აქტივია, რომელსაც იგი ეფექტიანად იყენებს ეისითის კლიენტების განვითარებისა და წარმატების მხარდასაჭერად. პარალელურად, თინათინი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში; საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას. 2014 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქალთა ბიზნეს-ფედერაცია “Women for Tomorrow”, სადაც 2014-2016 წლებში თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ხოლო 2017-2023 წლებში მმართველი ბორდის წევრი იყო. ფედერაცია დღესაც წარმატებით აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. მისი მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია. 2018 წელს თინათინი Clicquot Business Woman Award-ის გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეცემათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში.
ნინა ჩიკვაშვილი — ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი | დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
ნინა ჩიკვაშვილი პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ბრენდის ავტორი, განათლების ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ლიდერია განათლების სფეროში. მან 23 წლის წინ დაიწყო პროგრესული განათლების შეთავაზება ახალი თაობებისთვის. დღეს, მის მიერ შექმნილი პროგრესის ქსელი აერთიანებს სამ სკოლას ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, სადაც 2,500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. განათლებაში ჩართულია 500-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი და მასწავლებელია. ნინა ჩიკვაშვილი გახლავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის განათლების საზოგადოების (SITE USA) თანათავმჯდომარე. ასევე, ის გახლავთ ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM Georgia), “Women 4 Tomorrow”- სა და საქართველოსა და ისრაელის ბიზნეს ასოციაციის წევრი.
ნინა ჩიკვაშვილი მსოფლიო მშვიდობის განათლების სამიტის საპატიო დელეგატი და ექსპერტია. არის ასევე საერთაშორისოდ ლიცენზირებული რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის: TOEFL ცენტრი პროგრესის საერთაშორისო სკოლებში, “Progress Education“ და Georgian-American International Academy.
ეკა ქავთარაძე — Tegeta Holding | მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
ეკატერინე ქავთარაძეს ბიზნესსექტორში მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოსპიტალური ქსელი მედალფა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ევექსის ჰოსპიტლები და ვიანი – თეგეტა ჰოლდინგამდე ეკატერინე ქავთარაძე ჯანდაცვის ინდუსტრიაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. კერძო და საჯარო სექტორში, საერთო ჯამში, 20-წლიანი გამოცდილება დააგროვა.
ეკატერინეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით Grenoble Ecole de Management-ისა და კავკასიის ბიზნესსკოლებში და ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხს. ეკატერინე ქავთარაძეს აქვს საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
პანელის მოდერატორი Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი, ანინა ტეფნაძე იქნება.
პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: